სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი კარტოფილითა და კამით
12:00 კვი. 27 თებერვალი, 2022 წელი
დრიანიკი უკრაინული კერძია და, როგორც წესი, მას კარტოფილით, არაჟნითა და კვერცხით ამზადებენ, თუმცა დღეს სამარხვო ვარიანტს შემოგთავაზებთ - მისი მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო გემო - დაუვიწყარი.
სამარხვო დრიანიკის რეცეპტს მზარეული ალექსანდრე კოშკელოვი გვიზიარებს.
სამარხვო დრიანიკის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
- კარტოფილი - 3 ცალი;
- პურის ფქვილი - 4 ს/კ;
- სამარხვო მაიონეზი - 50 გრ;
- ნიორი - 2 კბილი;
- კამა - 50 გრ;
- მარილი და შავი პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
უმი კარტოფილი გახეხეთ მსხვილად. შემდეგ კი აუცილებლად გაწურეთ. მოაყარეთ მარილი, პილპილი, დაამატეთ პურის ფქვილი და ხელით კარგად მოზილეთ, ისე რომ სქელი და მკვრივი მასა მიიღოთ.
ბოლოს მიეცით მრგვალი ფორმები და კარგად გაცხელებულ ტაფაზე ზეთში შეწვით ორივე მხრიდან.
სანამ, დრიანიკები შეიწვება, შეგიძლიათ, სოუსი მოამზადოთ: მაიონეზს დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და წვრილად დაჭრილი კამა. კარგად გადაურიეთ და შემწვარ დრიანიკებთან ერთად გემრიელად მიირთვით.
შენიშვნა:
დრიანიკის შესაწვავად, ტაფა კარგად გააცხელეთ, ხოლო როგორც კი კატლეტებს დააწყობთ, ცეცხლს ოდნავ ჩაუწიეთ;
დრიანიკის შეწვის დროს ტაფას თავსახური არ დააფაროთ;
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტებით, დაახლოებით, 10 ცალი სამარხვო დრიანიკი გამოცხვება;
დრიანიკის მოსამზადებლად 20 წუთი საკმარისია.
🔸 ასევე, სცადეთ:
სამარხვო ტოლმა - ჯანსაღი და ნოყიერი კერძი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან