შოკოლადის ტორტი ცხობის გარეშე, უგემრიელესი კრემით
14:03 შაბ. 21 ივნისი

ეს ტორტი იდეალურია როგორც მყუდრო საღამოებისთვის, ისე საზეიმო სუფრებისთვის. სცადეთ, მოამზადეთ და ეს გემო სამუდამოდ შეგიყვარდებათ.
საჭირო პროდუქტი:
- ორცხობილა - 420 გრ.
- შაქარი - 160 გრ.
- სიმინდის სახამებელი - 60 გ
- კვერცხი - 2 ცალი
- ადუღებული რძე - 500 მლ.
- კარაქი - 200 გრ.
- ვანილის შაქარი - 15 გრ.
- დასანამი:
- შაქარი - 2 ჩ. კ.
- ხსნადი ყავა - 2 ჩ. კ.
მინანქარი:
- ანადუღარი რძე - 50 მლ
- კარაქი - 50 გრ.
- შოკოლადი (კაკაოს შემცველობა დაახლოებით 50%) - 100 გრ.
მოსართავი:
- 50 გრ. ორცხობილა.
მომზადების წესი:
კრემის მომზადება
ქვაბში მოათავსეთ 160 გრ. შაქარი და 60 გრ. სიმინდის სახამებელი, დაუმატეთ 2 კვერცხი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ამის შემდეგ ქვაბში 500 მლ. გადადუღებული რძე ჩაასხით და კარგად აურიეთ.
ქვაბი ცეცხლზე გადაიტანეთ და შეუჩერებლად ურიეთ. როცა კრემის ფაფა ადუღდება და გასქელდება, დაბალ ცეცხლზე კიდევ ერთი წუთი ურიეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და სხვა ჭურჭელში გადაიტანეთ.
კრემის ფაფას რომ ზედაპირი არ გაუშრეს, პოლიეთილენის ფირი დააფარეთ (კონტაქტურად) და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
მნიშვნელოვანია, რომ კრემის ფაფა და კარაქი ერთი ტემპერატურის იყოს — ასე კრემი არ აგეჭრებათ.
სანამ კრემი გრილდება, მოამზადეთ კარაქის ბაზა: აიღეთ 200 გრ. ოთახის ტემპერატურის, რბილი კარაქი, დაამატეთ 15 გ.რ ვანილის შაქარი და კარგად ათქვიფეთ, სანამ ქაფისებრ და ნაზ მასას არ მიიღებთ.
გაგრილებული კრემის ფაფა კარგად ათქვიფეთ, რომ ფაფუკი და ჰაეროვანი გახდეს. ამის შემდეგ კრემის ფაფას თანდათან დაუმატეთ კარაქი და კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
საბოლოოდ უნდა მიიღოთ ფაფუკი, მსუბუქი კრემი უგემრიელესი არომატით.
დაახლოებით 80 გრამი კრემი ტორტის გვერდებისთვის შემოინახეთ.
დასანამის მომზადება
2 ჩ. კ. ყავა გახსენით 150 მლ. მდუღარე წყალში, დაუმატეთ 2 ჩ. კ. შაქარი, აურიეთ და გააგრილეთ.
მასა უნდა იყოს თბილი, მაგრამ არა ცხელი. ასე ორცხობილები სწორად დაინამება.
შოკოლადის ტორტის აწყობა
ახლა ტორტის ასაწყობად ყველაფერი მზადაა!
ორცხობილები გაგრილებულ ყავაში სწრაფად ამოავლეთ (დიდხანს არ გააჩეროთ, რომ ზედმეტი სითხე არ შეიწოვოს).
დანამული ორცხობილები ლანგარზე ფენებად მოაწყვეთ და თითოეულ ფენას კრემი წაუსვით. მზა ტორტი მაცივარში მთელი ღამით დატოვეთ.
შოკოლადის მინანქრის მომზადება
ტორტის ბოლო შტრიხი შოკოლადის მინანქარია:
50 გრ. კარაქს დაუმატეთ 100 გრ. შოკოლადი და 50 მლ. რძე.
ეს მასა მიკროტალღურ ღუმელში 2-ჯერ, 30-30 წამით შედგით.
გამდნარი შოკოლადი ტორტის ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ და ტორტი მაცივარში 30 წუთით შედგით.
ის 80 გრ. კრემი, რომელიც შემოვინახეთ და ცოტაოდენი ორცხობილა ტორტის გვერდების გასაფორმებლად გამოიყენეთ.
გემრიელად მიირთვით!
***
სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბლები ვაფლით
სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თუ ნამცხვრისთვის - 3 რეცეპტი
სიახლეები ამავე კატეგორიიდან